1728420497
რუსეთი ორ მეზობელ სახელმწიფოში, საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა - ენტონი ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ის რაც ხდება უკრაინაში არ ეხება მხოლოდ უკრაინას და წარმოადგენს მოსკოვის დესტაბილიზაციური, სახიფათო და არაკანონიერ ქმედებას, რომლითაც ცდილობს საკუთარი გავლენის სფერო გააფართოოს ოდესღაც საბჭოთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ ქვეყნებზე და შეაჩეროს მათი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებები.
„ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ორ მეზობელ სახელმწიფოში, საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ მოლდოვაში ჰყავს შეიარაღებული ძალები და საბრძოლო მასალა. ის ხშირად ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის. მან გამოიყენა ქიმიური იარაღი რუსეთის მთავრობის ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის – მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალების მოსაწამლად, როდესაც ისინი ნატო-ს მოკავშირე ინგლისის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მან დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები იარაღის კონტროლის შესახებ, უგულებელყო დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის წესები, მხარი დაუჭერს დიქტატორებს და დაუშვა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ისეთ ადგილებში, როგორიც სირიაა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ნატო მზად არის, მძლავრად უპასუხოს რუსეთის აგრესიას, თუმცა ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და სასურველია, თუ ეს რუსეთს სურს.
სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა და სამხედრო აგრესიასთან ერთად ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ამასთან, მისი თქმით, გასული წლის მარტის თვიდან შემოდგომამდე რუსეთმა 100 ათასი სამხედროს მობილიზება მოახდინა უკრაინის საზღვართან და ორჯერ მეტის მობილიზება შეუძლია ძალიან მცირე დროში. ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი საკუთარ ქმედებებს დეზინფორმაციის გავრცელებით ხსნის.
„რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინა ემუქრება რუსეთს, უკრაინა ისწრაფვის კონფლიქტის გაღვივებისკენ და რუსეთის შეიარაღებული ძალების, ტანკების და მძიმე არტილერიის მობილიზება თავდაცვით ხასიათს ატარებს. ეს იგივეა, მელიამ რომ თქვას, თავს დავესხი საქათმის, რადგან მისი ბინადრები საფრთხეს ქმნიან. მსგავსი სიტუაცია უკვე ვნახეთ. როდესაც 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში აცხადებდა, რომ უკრაინა იყო აგრესორი“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, რუსეთი დღესაც აგრძელებს საკუთარი პროპაგანდის გამოყენებას უკრაინის, აშშ-ის და ნატო-ს წინააღმდეგ, რაც გამოხატულია სოციალურ და მარიონეტულ მედიაში მავნე დეზინფორმაციის გავრცელებით და ისეთი კონფერენციების გამართვით, სადაც მონაწილეებს ცრუ წარმოდგენას უქმნის, რომ უკრაინა და არა რუსეთი არის დამნაშავე დაძაბულობის ზრდაში.
ენტონი ბლინკენის თქმით, გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი მოაწყობს პროვოკაციას და შემდეგ შეეცდება, იგი სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად გამოიყენოს.
„აზრი, რომ უკრაინა არის აგრესორი ამ სიტუაციაში, აბსურდულია. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში რვა წლის წინ. რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის და ყირიმის ოკუპირება. ეს რუსეთია, რომელიც დღემდე ცდილობს ომის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს რუსეთი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, მეტიც აქტიურად ცდილობს მათ დარღვევას. რუსეთი ემუქრება უკრაინის დემოკრატიას და კვლავ აგზავნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის საზღვართან. ყველა ეს ქმედება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა და სასწრაფო და გადაუდებელი გამოწვევაა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის“,- აღნიშნა ბლინკენმა.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა სიცრუე უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ ნატო უკრაინაში საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებით კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს.
მისი თქმით, ნატო თავდაცვითი ალიანსია, ის შექმნილი თავის დასაცავად და არა თავდასასხმელად. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ნატო-ს არასოდეს გაუცია პირობა, რომ ახალ წევრებს არ მიიღებდა.
მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკა 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების უმთავრესი პირობაა და ალიანსში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ნატო-ს და მასში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების გადასაწყვეტია.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი თავისი ქმედებით ევროპაში ახალი პრეცედენტის შექმნას ცდილობს და ემუქრება იმ ფუნდამენტურ წესებს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგს უდევს საფუძვლად და მათი გამოწვევით ცდილობს, გამოიწვიოს თავად საერთაშორისო სისტემა და გაანადგუროს ტრანსატლანტიკური ალიანსი.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა აშშ მზად არის, რუსეთთან ორმხრივი დიალოგის გამართვისთვის და ნატო-ს და ეუთო-ს პარტნიორებთან ერთად მზად არის, მოისმინოს რუსეთის ლეგიტიმური შეშფოთებები დასავლეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად აშშ დიპლომატიის გზის ერთგული რჩება, თუმცა, თუ რუსეთი გააგრძელებს სიტუაციის ესკალაციას და კვლავ იგივე გზით სვლას, ის მიიღებს მასშტაბურ შედეგებს, მათ შორის ისეთ ეკონომიკურ ზომებს, როგორიც ჯერ არ დაწესებულა.