გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა დაიკლო, რითაც ქვეყანა გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დააკლდა გლობალური თავისუფლების ინდექსი, რითაც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიას მიეკუთვნება.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება. წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან 3.25 იყო.
გლობალური თავისუფლების კუთხით, საქართველოს 100-დან 60 ქულა აქვს მინიჭებული და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიას მიეკუთვნება. წინა წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 61 ქულას შეადგენდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული 60 ქულა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებლების მიხედვით ანგარიშდება. კვლევაში პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 23, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, 60-დან 37 ქულა აქვს.
რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების კუთხით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლები დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან 19-ით არის შეფასებული; კონტენტზე დაწესებული შეზღუდვების კუთხით, ქვეყანას 35-დან 31 ქულა აქვს მინიჭებული; ხოლო მომხმარებელთა უფლებების დარღვევების კრიტერიუმით, საქართველო მაქსიმალური 40 ქულიდან 27-ით არის შეფასებული.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში გაუმჯობესდა იმის გამო, რომ არ დაფიქსირებულა ონლაინ აქტივობასთან დაკავშირებული დაპატიმრებები. თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია კიბერშეტევებთან და ადგილობრივი კონტენტით მანიპულირებასთან. ასევე, აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ტელეკომუნიკაციების მთავარი მარეგულირებელ ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა. ასევე, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, გარკვეულ შემთხვევებში, ონლაინ შევიწროება განიცადეს პოლიტიკოსმა ქალებმა და პოლიტიკურმა კანდიდატებმა. ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაგრძობს ზრდას საქართველოში, თუმცა ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის მთავრობის მცდელობები ნელა პროგრესირებს.