რის შესახებ ისაუბრეს ბაიდენმა და ზელენსკიმ ტელეფონით - თეთრი სახლი საუბრის შინაარსს ავრცელებს

ზელენსკი

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ბაიდენმა საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ასევე, მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ამერიკა სწრაფად და გადამწყვეტად უპასუხებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ორი ლიდერი უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის საპასუხოდ დიპლომატიის გაგრძელებისა და შეკავების მნიშვნელობაზე შეთანხმდა.

პარალელურად, კიევი მოსკოვისგან ვენის 2011 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეხვედრას ითხოვს, რათა განიხილოს უკრაინის საზღვარზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო ქმედებები. ამასთან, დღეს კიევში გერმანიის კანცლერი ჩადის.

ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

კიევიდან, უკვე ხვალ კი, გერმანიის კანცლერი რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება.