რას ეუბნებიან ზელენსკის შვილები - რატომ არ დატოვა უკრაინა და რა დამოკიდებულება აქვს ამასთან პრეზიდენტის ოჯახს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ დატოვა ქვეყანა და როგორი დამოკიდებულება აქვს მის ამ გადაწყვეტილებასთან ოჯახს. მისი თქმით, მისი შვილები ეუბნებიან, რომ ის უკრაინაში უნდა დარჩეს. ინტერვიუს ნაწილს უნიანი აქვეყნებს.

„ჩემი შვილები ამბობენ, რომ აქ უნდა დავრჩე, ისინი ამაყობენ ჩემით. ამაყობენ იმით, რომ უკრაინელები ვართ. მათ ესმით, რომ მე აქამდე შემეძლო გაქცევა ან უსაფრთხოდ ყოფნა, მაგრამ მათ ჩემი ესმით და ჩემს გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. რადგან ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის გამოა მიღებული. მათ სურთ რომ კიევი ძლიერად დარჩეს.“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა არსებულ განწყობაზე:

„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო, უკვე მოხდა. ჩვენ გვაქვს ომი, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. ამდენი ადამიანი უკვე დაიღუპა. ქვეყანა განადგურებულია. კიდევ უარესი რა შეიძლება დაემართოს ადამიანებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს? მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი მომავლის, რომ ჩვენ არ დავნებდებით, არ გავყიდით ჩვენს მიწას.“ - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

შეგახსენებთ, უკვე ორი კვირაა უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას უმკლავდება. უკრაინის ქალაქები რუსი ოკუპანტების მიერ იბომბება. უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობამ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა თითქმის ყველა სფეროში.