რა არის „ზარინი“ და რატომაა აკრძალული მისი გამოყენება - უკრაინაში მებრძოლი ქართველის თქმით, ის „ზარინით“ მოწამლეს

qimiuri iaragi

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. როგორც ქართველმა მებრძოლმა დღეს ინფორმაცია გაავრცელა, გამოყენებული იყო ნივთიერება ზარინი. 

"მოკლედ დღეს გვითხრეს რომ მოვიწამლეთ ქიმიური ნივთიერება " ზარინით“, რაღაც გაურკვეველ ნარევთან ერთად, ფსიქოსტიმულიატორი, რომელი ნაერთის დადგენა ვერ ხერხდება", - რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში პოსტი უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლმა, ნადიმ ხმალაძემ გამოაქვეყნა. 

 

"პრაიმტაიმი" გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას, რა ნივთიერებაა და რა ტიპის ქიმიური იარაღია ზარინი.

ზარინი უფერო, უსუნო სითხეა. მას ქიმიურ იარაღად იყენებენ. ის მასობრივი განადგურების იარაღთა სიაშია. 1997 წელს ქიმიური იარაღის კონვენციით, ზარინის წარმოება და დასაწყობება აიკრძალა და ის ქიმიური იარაღის 1-ლ სიაში მოხვდა.

1994 წელს, გაეროს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით და უშიშროების საბჭოს 687-ე რეზოლუციით განადგურდა ერაყში არსებული ზარინის საცავები.

ზარინი არის ორგანოფოსფატების ნაერთი. მცირე კონცენტრაციაც კი სასიკვდილოა. სასიკვდილოდ საკმარისი დოზის შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება ერთიდან ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს.

თუ ადამიანი არ მიიღებს სასიკვდილო დოზას, მაგრამ არც შესაბამისი წამლებით იმკურნალებს, შესაძლოა მან სამუდამო ნევროლოგიური დაზიანება მიიღოს.

სუფთა სახის ზარინი ციანიდზე 26-ჯერ მეტად სასიკვდილოა... 

ზარინი აღმოაჩინეს 1938 წელს გერმანიაში, ვუპერტალში IG Farben-ის მეცნიერებმა. ის გერმანელების შექმნილი ოთხი ნერვული აგენტიდან უძლიერესია. სახელი მათი აღმომჩენი მეცნიერების ინიციალების მიხედვით დაერქვა.

 

"ზარინის" ქიმიურ იარაღად გამოყენების ქრონოლოგია
  

ზარინის სადემონსტრაციო კასეტური ბომბი აშშ-ში ადრეული 1950-იანები: NATO-მ ზარინი სტანდარტულ ქიმიურ იარაღად მიიღო. სსრკ და აშშ მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა.

1953 წელი: 20 წლის რონალდ მედისონი, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები ინჟინერი დაიღუპა ზარინის გამოცდის დროს. მაშინ, მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევას მიაწერს. თუმცა, 2004 წელს ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მედისონი ნერვული აგენტების არათერაპიული ექსპერიმენტების დროს მოკლეს.

1957 წელი: შეერთებულ შტატებში ზარინის მასობრივი წარმოება შეწყდა, თუმცა არსებული მარაგების ხელახლა გამოხდა 1970 წლამდე გრძელდებოდა.

1976 წელი: ჩილეს სადაზვერვო სამსახურმა ბიოქიმიკოს ეუგენიო ბერიოსს დაავალა ზარინის აირის გაუმჯობესება, რათა ის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში გამოეყენა.დაზვერვის მთავარი ამოცანა, აირის გამოყენების გაადვილება იყო. მოგვიანებით ბერიოსი მოწმობს, რომ ზარინი რამდენიმე მკვლელობისათვის გამოიყენეს.

1988 წლის მარტი: ჩრდილოეთ ერაყში ზარინის შემცველი ბომბებით დაიბომბა ეთნიკურად ქურთებით დასახლებული ჰალაბჯა (70 000-იანი მოსახლეობით). დაიღუპა დაახლოებით 5 000 ადამიანი.

1988 წლის აპრილი: ირან-ერაყის ომში ირანული მხარე ოთხჯერ დაიბომბდა ზარინის ბომბებით.

1993 წელი: გაეროს ქიმიური იარაღის კონვენციის 162-მა ხელმომწერმა ქვეყანამ სხვა მრავალ ქიმიურ იარაღთან ერთად, ზარინის წარმოება და გამოყენება აკრძალა. დადგენილება ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილს და ზარინის მფლობელ ქვეყნებს მათი განადგურება 2007 წლამდე დაევალათ. დეკლარაციის ძალაში შესვლისას მსოფლიოში 15 047 ტონა ზარინი არსებობდა. 2015 წლის მონაცემებით ამ რაოდენობის 89% განადგურდა.

1994 წელი: მაცუმოტოს ინციდენტის შედეგად, იაპონურმა რელიგიურმა სექტამ 8 ადამიანი მოკლა და 200-მდე დააავადა.

1995 წელი: ტოკიოს მეტროზე ზარინით თავდასხმა; იგივე რელიგიურმა სექტამ ტოკიოს მეტროში 12 ადამიანი მოკლა.

2004 წელს, ერაყის ამბოხებისას შეერთებული შტატების სამხედრო კოლონის ახლოს ზარინის შემცველი ბომბი ააფეთქეს. მოიწამლა ორი ჯარისკაცი.

2013 წელი: რიფ-დიმაშკის მუჰაფაზაში სირიის სამოქალაქო ომის დროს გოუთაში თავდასხმის დროს სხვადასხვა წყაროებით დაიღუპა 322-დან 1 729 ადამიანამდე.

2017 წელი: ხან-შაიხუნის ქიმიური თავდასხმის შედეგად ქალაქი ხან-შაიხუნი, რომელიც იდლიბის მუჰაფაზაში მდებარეობს, ავიაციამ დაბომბა, შედეგად სამოქალაქო პირები მასობრივად მოიწამლნენ ზარინის ქიმიური გაზით. იდლიბის ჯანმრთელობის ორგანოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 74 ადამიანი და დაშავდა 557-ზე მეტი.