ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა - აზოვის პოლკის ხელმძღვანელი

აზოვი

მარიუპოლისთვის ბრძოლა გრძელდება - ქალაქი თავს 48-ე დღეა იცავს. "მდგომარეობა რთულია, მაგრამ უკრაინელი გმირები - საზღვაო ქვეითები, დაზვერვის ოფიცრები, პოლიციელები, სასაზღვრო დაცვა, ეროვნული გვარდია, აზოვი, ჩვენი მამაცი ხალხი, რუს ოკუპანტებს ყოველდღე ანადგურებენ" - წერს ტვიტერში უკრაინის თავდაცვის მინისტრი. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მეტი იარაღია საჭირო.

რუსების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება მარიუპოლში - უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა მარიუპოლში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, შესაძლოა ეს იყოს "ზარინი". აზოვის პოლკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებმა ქიმიური იარაღით იერიში მიიტანეს "აზოვსტალის" ქარხნის თავზე, მოწამვლის გამოხატული ნიშნები 3 ადამიანს აღენიშნება.

"რუსებმა ქიმიური იარაღით დარტყმა განახორციელეს მარიუპოლზე, ქარხანა "აზოვსტალზე". თუ ვისაუბრებთ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე, ის დიდი არ არის. 3 ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ არაფერი დარჩენიათ, აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა," - აცხადებს აზოვის პოლკის ხელმძღვანელი ანდრეი ბელეცკი.

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უპილოტო საფრენი აპარატიდან მარიუპოლში ქიმიური ნივთიერების ჩამოგდების შესახებაც. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ამ ეტაპზე გავრცელებული ცნობების დაზუსტება მიმდინარეობს.