1737312489
პუტინი გაეროს გენერალურ მდივანს: არ თქვათ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ მუშაობს, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კორიდორები მუშაობს და ანტონიო გუტერეში შეცდომაში შეიყვანეს. ინფორმაციას Ria ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს თქვა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არსებული ჰუმანიტარული ვითარებით.
„არ თქვათ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ მუშაობს, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს. მარიუპოლიდან დაახლოებით 130-140 ათასი ადამიანი გამოვიდა და მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. ვისაც რუსეთში სურს – რუსეთში, ვისაც უკრაინაში სურს – უკრაინაში. სადაც სურთ, ჩვენ მათ არ ვაკავებთ. ვეხმარებით და მხარდაჭერას ვუცხადებთ. იმავეს გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო პირებს, თუ ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, მათ შეუძლიათ გამოსვლა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.