პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილს მთლიანად "ვაგნერი" აკონტროლებს

ბახმუტი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა მთლიანად დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი და ყველაფერი, რაც მდინარე ბახმუტკის აღმოსავლეთით მდებარეობს, „ვაგნერის“ კონტროლქვეშაა. პრიგოჟინის ეს განცხადება დღეს დილით, სოციალური ქსელებით გაავრცელა მისმა პრესსამსახურმა.

რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა(ISW) დაწერა, რომ როგორც ჩანს, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილი, საიდანაც მანამდე უკრაინამ ძალები გაიყვანა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით მოიგერიეს 100-ზე მეტი შეტევა.