პოლონეთი უკრაინას 628 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიაწვდის

უკრაინა

პოლონეთის ხელისუფლება უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 628 მილიონ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, ეს იარაღი ფრონტზეა საჭირო.

„ჩვენ ახლა ვაფორმებთ უკრაინაში იარაღის მიწოდების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელშეკრულებას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 628 მილიონი დოლარია.