პოდოლიაკი: რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს

მიხაილ პოდოლიაკი

რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო მზადაა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაგზავნოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა Novyi.LIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინამ ეს ტვირთი მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს და საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთის შეკავებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

„ისმის კითხვა: ვინ დააფინანსებს ყველაფერს? ვინ იქნება იქ, რომ ყველაფერი ერთიან სისტემაში ინტეგრირდეს და ვინ გაუძღვება რუსეთის შეკავების პროცესებს? შემდეგ კი ჩნდება კითხვა, რომ ამით დაინტერესებული ქვეყნების წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ იქ“, –  აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მაგალითად, თურქეთისთვის მნიშვნელოვანია „არ დაუშვას იმის განმეორება, რაც აზარალებს ბიზნესს და შავ ზღვაში ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.”

„ეს ომი საბოლოოდ ევროპული სივრცის სრულ რესტრუქტურიზაციას გამოიწვევს. უკრაინა, რაც შეიძლება სწრაფად დაიძრება ევროპისკენ, ევროპა კი თავის ამჟამინდელ ცხოვრების წესს გადააფასებს. ის იქნება უფრო ასკეტური, თავდაცვაზე ორიენტირებული და ანტირუსული”, – განაცხადა პოდოლიაკმა.