"ოპოზიციას საქართველოში სურს ახალი მაიდნისა და დესტაბილიზაციის მოწყობა, არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის" - რადას დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან

რადას დეპუტატი ზელენსკის პარტიიდან

უკრაინის რადას დეპუტატი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიიდან ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.

არტემ დმიტრუკმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ქართველებს მოუწოდა, თუ არ სურთ თავიანთ ქვეყანაში ომი, 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ.

"არჩევანი უნდა გააკეთოთ ომსა და მშვიდობას შორის" - მიმართავს პარტია "ხალხის მსახურის" დეპუტატი ქართველ ხალხს.

"არჩევნები საქართველოში - ეს არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის. ქართველ ხალხს აქვს მნიშვნელოვანი არჩევანი გასაკეთებელი - როგორ იცხოვრებს შემდეგ - მშვიდობით თუ ახალ საშინელ ომში. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, მათ მიაღწიეს სტაბილურ მშვიდობას და თავი დააღწიეს ახალ ომს, რადგან სწორი და მშვიდობიანი პოლიტიკური კურსი აირჩია ამ მთავრობამ - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მერმა კალაძემ და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო? უდავოდ. მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ იხსნა ქვეყანა საშიში ავანტიურებისგან, რომელსაც შეეძლო ქვეყანა მიეყვანა ასობით ათას მსხვერპლამდე. საერთოდ, ძალიან ცოტა პოლიტიკოსი ფიქრობს მოსახლეობის ცხოვრებასა და თავად ქვეყანაზე. ახლა საქართველოს ძალიან სწორი პოლიტიკური ურთიერთობები და დამოკიდებულება აქვს. ოპოზიციას საქართველოში სურს ახალი მაიდნისა და დესტაბილიზაციის მოწყობა. მათ არ აინტერესებთ არჩევნები და მისი შედეგები. აქვთ კლასიკური სქემა, რაც მოხდა უკრაინაში. გეკითხებით თქვენ ქართველებო - გსურთ მშვიდობიან და სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება, თუ უკრაინელების მსგავსად, სადაც ათასობით ახალგაზრდა ადამიანი იღუპება? ერთი არასწორი ნაბიჯი და თქვენ მიხვალთ კატასტროფამდე - ახალ მაიდნამდე, ახალ ომამდე. თუ თქვენთან ომის პარტია გაიმარჯვებს, თქვენთან ქუჩებში გამოჩნდება ტანკები, ცაში დრონები იფრენენ. ამიტომ, გირჩევთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ," - ამბობს არტემ დმიტრუკი.

არტემ დმიტრუკი უკრაინიდან ერთი თვის წინ წავიდა. მასზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღიძრა. დმიტრუკი ამტკიცებს, რომ მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მიზეზად კი უკრაინაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის წინააღმდეგ გამოსვლას ასახელებს.