რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აგრძელებს:
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად გახშირდა“ რუსეთის შეიარაღებულმა ძალების შეტევა ხარკოვის, დონბასისა და დნიპროს მიმართულებით. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ბოლო დღეებში მათ იერიში დონბასისა და ხარკოვის რეგიონებში მდებარე 1 260-მდე სამხედრო პუნქტზე მიიტანეს.
- ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლში საკმაოდ რთული ვითარებაა: „რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზების საშუალებას არ გვაძლევენ. ათი ათასობით ადამიანის ბედი, რომლებიც იქ იმყოფებიან, უცნობია“.

·
- სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
„ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთში, როგორც თავიდანვე იყო გამოცხადებული, მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


- კანადის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა აკვირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ახდენს მოქმედებების კოორდინაციას პუტინის უკანონო შეჭრაზე რეაგირებისთვის.
„კანადა უკრაინას მძიმე არტილერიას მიაწოდებს“, - განაცხადა ტრიუდომ.
- ევროკომისიაში აცხადებენ, რომ, ნავთობის სფეროში, რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებზე მუშაობენ. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება.