1732386875
„მტერი დიდ ზარალს განიცდის“ - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენერალური შტაბი
ომის მეცხრე დღეს - ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტრო სადგური ზაპოროჟიეში რუსულმა არმიამ დაიკავა. ამ ქალაქში არიან დაჭრილები, რომელთა საავადმყოფოებში გადაყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიევსა და ხარკოვში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი კვლავ ისმის დედაქალაქშიც. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული ჯარების ძალისხმევა მიმართულია კიევის ალყაში მოქცევასა და უკრაინელების წინააღმდეგობის შესუსტებაზე.
"სივერსკის რეგიონში მექანიზებული და სატანკო ნაწილები სტაბილურად იცავენ ჩერნიგოვის გარშემო ოკუპირებულ საზღვრებს. სლობოჟანშჩინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ქვედანაყოფები ეფექტურად აწარმოებენ თავდაცვით ბრძოლებს მტრის დიდ ძალებთან და ზოგიერთ ნაწილებში წარმატებას აღწევენ. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მძიმე თავდაცვითი ბრძოლების დროს გაერთიანებულმა ძალებმა ჩაშალეს რუსი დამპყრობლების გეგმები და მტრის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლა აღკვეთეს.
უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რჩება რუსეთის შემოსევაზე გმირული წინააღმდეგობის ნიმუშად. ქალაქ კიევის თავდაცვის ჯგუფი აგრძელებს მტრის შეტევის მოგერიებას, მისთვის ცეცხლის გახსნასა და თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას ქალაქისა და ძირითადი აეროდრომების გარშემო. მტერმა უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნიდან წარუმატებლად ესროლა სამოქალაქო შენობებს. ამავდროულად, აგრესორები გამომწვევ ქმედებებს ახორციელებენ საინფორმაციო სივრცეშიც, ავრცელებენ დეზინფორმაციას და კრემლის პროპაგანდისტულ მასალებს,"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით.