„მეტ სანქციას ვაპირებთ" - აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ომის დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა

baideni

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა და სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ბუჩაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკად დახოცვის შემდეგ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასაც აპირებს.

"ალბათ გახსოვთ, მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პუტინს სამხედრო დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე ის არის, რომ რაც მოხდა ბუჩაში, იძლევა გარანტიას, რომ ის სამხედრო დამნაშავეა. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია, უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმ შეიარაღების უზრუნველყოფა, რომელიც ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ. უნდა შევაგროვოთ ყველა დეტალი სამხედრო დანაშაულების შესახებ სასამართლო პროცესის გასამართად. ეს კაცი სასტიკია და რაც ბუჩაში მოხდა, აღმაშფოთებელია. მეტ სანქციას ვაპირებთ და მექნება დრო, ეს გამოვაცხადო,"-განაცხადა ბაიდენმა. 

აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მარტში დაიწყო კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულების ბოლომდე მისაყვანად. სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო დავალებათა ელჩმა, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის, გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თემებს კურირებს, ამის შესახებ ბრიფინგზეც განაცხადა. თეთრი სახლი მონაცემებს მოკავშირეებს და საერთაშორისო ინსტიტუტებს უზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 123 წევრ სახელმწიფოში არ შედის, განიხილავს ყველა ვარიანტს, როგორც შიდა სახელმწიფო სასამართლოებთან დაკავშირებით, ასევე ჰააგას. დღეს ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა ბუჩაში მომხდარი გენოციდი, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს სამხედრო დანაშაულია.