მარიუპოლი დღეს ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში, ჯოჯოხეთია, კატასტროფაა, რომლის შესახებაც მთელმა მსოფლიომ იცის - ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტს მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მარიუპოლში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„მარიუპოლი ყველაზე საშინელი ადგილია ევროპაში. იქ ჯოჯოხეთია. იქ კატასტროფაა, რომლის შესახებაც ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა არავის აქვს საკმარისი სიმტკიცე, რომ ამ ქალაქში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში კატასტროფის შეჩერებაში დაგვეხმაროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როდესაც უკრაინა საუბრობს თვითმფრინავებზე, ტანკებზე, საარტილერიო სისტემებზე, ხომალდსაწინააღმდეგო იარაღზე, ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სჭირდება და რაც ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებს აქვთ.

„ჩვენი დამცველები იმსახურებენ იმას, რომ ევროპულმა კომპანიებმა საბოლოოდ შეწყვიტონ ფულის შოვნა მათთან, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ჩვენი დამცველები იმსახურებენ იმას, რომ არ ვიმკითხაოთ კრიტერიუმებზე, არამედ ვიცოდეთ, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან თუ ისინი წააგებენ, თუ მარიუპოლს და სხვა უკრაინულ ქალაქებს წავაგებთ, აღარ იქნება ერთიანი მტკიცე ევროკავშირი, რადგან მოვა ტირანია, რომ წაგართვათ ის, რაც გვაქვს და რითიც ამაყობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბელგიელებს 30 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის მიღებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ ბელგიამ ერთ-ერთმა პირველმა აღმოუჩინა უკრაინას თავდაცვითი დახმარება.

„ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. სწორედ თქვენ, როგორც სახელმწიფო, ევროპის გული შეგიძლიათ, შთააგონოთ ყველა დანარჩენი ევროპელი, რომ მათ მეტი გააკეთონ, რათა დაგვეხმაროთ უკრაინიდან ოკუპანტების განდევნაში და ძვირფასი მშვიდობის აღდგენაში. მშვიდობის, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი ძვირფასეულობა, ნებისმიერი ალმასები. უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთთან რამე შეთანხმებები. უფრო ძვირია, ვიდრე ნებისმიერი რუსული გემი ევროპულ პორტებზე. უფრო ძვირია, ვიდრე რუსული ნავთობის ნებისმიერი ბარელი“, – განაცხადა ზელენსკიმ.