ლავროვის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაა

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან სხვა თემებთან ერთად განიხილავს ანტირუსული სანქციების მოხსნას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის.

„ამ დოკუმენტმა უნდა დააფიქსიროს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, არაბირთვული, უბლოკო და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელს გახდის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად გათვალისწინებულია გარანტორი სახელმწიფოების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის, პირველ რიგში, არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი. ჩინელ დიპლომატებს ვუზიარებთ ინფორმაციას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ,“- აღნიშნა ლავროვმა.