1732386875
კრემლი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს - ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის" ქარხანაზე სახმელეთო შეტევას განაგრძობენ. ამავე ცნობით, კრემლი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.
მსხვერპლი მოჰყვა სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში, დაიღუპა ერთი ადამიანი. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა არაერთი თავდასხმა განახორციელეს ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებზე, რომლებიც უკრაინის არმიამ გაათავისუფლა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი პავლო კოვალჩუკი ამბობს, რომ რუსეთი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, მიზანი კი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარებაა:
„მტერი არ წყვეტს შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის. ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის" რაიონში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკადა გრძელდება. ზოგიერთ რაიონში, ავიაციის მხარდაჭერით, ქარხნის კონტროლის მიზნით განახლდა თავდასხმის ოპერაციები. მტერმა საჰაერო დაზვერვა ჩაატარა ოლექსანდრივკას, სერხიივკას და ვოლოდიმირივკას დასახლებებში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო ძალებმა და სახმელეთო ძალებმა თხუთმეტ საჰაერო სამიზნეს დაარტყეს," - აცხადებს პავლო კოვალჩუკი.