კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. 3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

3 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსული იერიშის შედეგად კიევში 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ნაწილობრივ ჩამონგრეულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 86-ს შეადგენს, მათგან 70 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი შეფასებით, ეს იყო ომის განმავლობაში დედაქალაქზე განხორციელებული „ყველაზე მასშტაბური“ იერიში.

„კიევისთვის საშინელი ღამე იყო,“ - განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ ქალაქის ყველა რაიონში დაფიქსირდა ნგრევა და დაზიანება. მისი თქმით, 3 ივლისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, იერიშის დროს რუსეთმა 74 რაკეტა და 496 შორი მოქმედების დრონი გამოიყენა, რომელთა უმეტესობა კიევში მოფრინდა. მათივე ცნობით, 48 რაკეტისა და 476 დრონის განეიტრალება ან ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა 25 ბალისტიკურმა რაკეტამ და 12 დრონმა 33 სხვადასხვა ლოკაციამდე მიაღწია.

დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი შენობები, დაზიანდა კიევის ცენტრში მდებარე სასტუმრო და მრავალსართულიან კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. დილის 07:00 საათისთვის ქალაქის ყველა რაიონში 30-ზე მეტ ადგილზე იყო დაფიქსირებული ნგრევა და მძიმე დაზიანება.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ მტერი კვლავ მიზანში იღებს საცხოვრებელ უბნებს და მშვიდობიან მოსახლეობას. მისი თქმით, ნგრევა ძალიან მძიმეა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.