როგორ ავირიდოთ ბავშვი ზედმეტ ტკბილეულს - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვირჩევს

ტკბილეული

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და ურჩევს როგორ აარიდონ ბავშვები ტკბილეულის მიღებას. ამის შესახებ პედიატრი სოციალურ ქსელში წერს.

„ტკბილეული ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. რეალობა ისაა, რომ მისი სრულად აკრძალვა ხშირად არც შესაძლებელია და არც ყოველთვის ეფექტურია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა ტკბილეულთან ჯანსაღი დამოკიდებულება ისწავლოს. სასურველია, შაქარი 2 წლამდე საერთოდ არ შევთავაზოთ. ამ ასაკამდე ბავშვს ყველა საჭირო ენერგია და საკვები ნივთიერება ბუნებრივი პროდუქტებიდან უნდა მიიღოს. 2 წლის შემდეგ ტკბილეული შეიძლება, მაგრამ იშვიათად და მცირე რაოდენობით. ის არასოდეს უნდა გახდეს ყოველდღიური ჩვევა, ჯილდო ან დამშვიდების საშუალება. რით ჩავანაცვლოთ? უმჯობესია შევთავაზოთ: სეზონური ხილი, კენკრა, უშაქრო იოგურტი ხილით, შინ მომზადებული უშაქრო დესერტები – ჩირი (ზომიერად, ასაკის გათვალისწინებით).

როგორ ავირიდოთ ბავშვი ზედმეტ ტკბილეულს?

არ შეინახოთ სახლში დიდი რაოდენობით ტკბილეული;

თავადაც იყავით კარგი მაგალითი;

არ გამოიყენოთ ტკბილეული ჯილდოდ ან დასჯის ინსტრუმენტად;

არ მისცეთ ტკბილეული ძირითად კვებებს შორის მუდმივ წასახემსებლად;

ასწავლეთ, რომ ტკბილეული არის „ხანდახან“ და არა „ყოველდღე“.

ბავშვის ჯანმრთელობას ერთმა კანფეტმა კი არ შეიძლება ავნოს, არამედ ტკბილეულის ყოველდღიურმა და უკონტროლო მოხმარებამ, რომელიც ზრდის კარიესის, ჭარბი წონისა და მეტაბოლური პრობლემების რისკს.

მშობლების მიზანი ტკბილეულის სრულად აკრძალვა კი არა, მისი გონივრული და ზომიერი მართვა უნდა იყოს,“ – წერს ინგა მამუჩიშვილი.