"კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს" - პესკოვი ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე

პესკოვი - პუტინი

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, უარყოფს ბრალდებას ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ. მისი თქმით, კრემლის დიპლომატები "ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ.

"ფაქტები და მოვლენების კალენდარული თანმიმდევრობა, ასევე, არ მეტყველებს ამ განცხადებების სანდოობაზე. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ თემა მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს. ჩვენი დიპლომატები გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ", - ამბობს პესკოვი

ცნობისთვის, კრემლის მთავარმა გამომძიებელმა ქალაქ ბუჩაში რუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და ამ საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალური ექსპერტიზის დაწყების ბრძანება გასცა.