კანადის და აშშ-ს „შავ სიას" კიდევ 43 ადამიანი და 17 იურიდიული პირი დაემატა - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდა

სანქციები

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი დააწესა და სიას დაამატა რამდენიმე მსხვილი რუსი ბიზნესმენებისა და კომპანია, მათ შორის მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის კომბინატი (MMK) და მისი რიგი შვილობილი სტრუქტურა, მათ შორის ფონდი Skolkovo.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესებულია რუსული ელიტის წევრებისა და ეკონომიკური სექტორის იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვთ.

სანქციების სიაში ასევე მოხვდა ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელსაც აშშ-ის ხაზინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფს უწოდებს. მანამდე კაბაევას წინააღმდეგ სანქციები დააწესეს კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ.

სამშაბათს კანადამ გააფართოვა სანქციები რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისა და თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

ე.წ. "შავ სიას" კიდევ 43 ადამიანი და 17 იურიდიული პირი დაემატა, მათ შორის, კიევის გარეუბან ბუჩაში მომხდარი "საზარელი მოვლენების" გათვალისწინებით, ნათქვამია კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.