იქნებ ჩვენ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით? - კადიროვი

კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ამ დღეებში კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, გოსტომელში იმყოფებოდა, ახლა კი, კიევთან კიდევ უფრო ახლოსაა.

კადიროვის ტელეგრამ-არხების მიხედვით, ის „კიეველ ნაციკებს“ მიმართავს, რომ უკრაინის დაზვერვის სამსახურმა მუშაობა საერთოდ არ იცის, მაგრამ ძებნა არ მოუწევთ, რადგან მალე ისინი, ანუ ჩეჩნები თავად მოძებნიან.

ჩეჩნეთის მეთაური უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს, რომ დიდი დრო აღარ დარჩა და დანებებას ურჩევს. კადიროვის მტკიცებით, კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები", რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“. კადიროვის უახლოესი თანამოაზრე დელიმხანოვი რუსეთის დუმის დეპუტატია.

„შემოვიტან ინტრიგას - იქნებ ჩვენ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ საჭირო ბრძანებას ველოდებით?“ - ნათქვამია კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ტექსტში.