გონჩარეკნო ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა კოსოვოში, რომლის დამოუკიდებლობას უკრაინა არ აღიარებს - რადა დეპუტატს ოფიციალურად გაემიჯნა

aleqsi goncharenko

უკრაინელი დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში არის პირადი ინიციატივაა და ის არ არის უფლებამოსილი, წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში. ამის შესახებ უკრაინული მედია, უმაღლესი რადას აპარატზე დაყრდნობით წერს.

„სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს კოსოვოში ვიზიტი წარმოადგენს მის პირად ინიციატივას, არის კერძო ხასიათის. უკრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ოლექსი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკრაინის პარლამენტის პოზიცია“,– ნათქვამია განცხადებაში.

რადას განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საკითხებზე უკრაინის პარლამენტის პოზიციის მიღება კოლეგიალურად, სასესიო დარბაზში ხმის მიცემით ხმათა უმრავლესობით ხდება. ხოლო უკრაინის სახალხო დეპუტატის ცალკეულ მოსაზრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არის საერთაშორისო ორგანიზაციაში საპარლამენტო დელეგაციის წევრი, არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს ერთიან პოზიციას.

„ოლექსი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის უმაღლესი რადა კოსოვოსთან დაკავშირებით საერთაშორისო საკითხებში, მით უმეტეს, გაეკეთებინა განცხადებები უკრაინის პარლამენტის სახელით“,- აცხადებენ უკრაინის რადაში.

გუშინ უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო კოსოვოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ეს კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოში რადას უკრაინელი პარლამენტარის პირველი გამოსვლა იყო.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე - რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.