განვიხილავთ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

„განვიხილავთ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან“,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვერსალში ემანუელ მაკრონთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გააძლიერებენ კავშირს და მხარს დაუჭერენ ქვეყნების მისწრაფებებს რათა გახდნენ  ევროპული ოჯახის წევრი. 

„რთული პერიოდია ევროპისთვის, რადგან ომს ვუყურებთ კონტინენტზე. ჩვენ გვესმის, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. ვერსალში ეს შეხვედრა ომის ორი კვირის თავზე იმართება და ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და უპრეცედენტო სანქციების წნეხი რუსეთზე. ჩვენ ამით მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპული ამბიციები, 500 მილიონი ევრო გამოვყავით უკრაინისთვის და განვიხილავთ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან. ჩვენ დავდგებით თქვენ გვერდით, გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი, დავიცავთ თქვენს სუვერენიტეტს. დღეს სამი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში, ესაა ენერგოდამოკიდებულების საკითხი. ჩვენ დიდი ხანია, ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მიზანია ენერგეტიკულად აღარ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული და მომავალი ზამთრისთვის გვჭირდება ახალი გეგმა. ყველა ჩვენგანი თანხმდება ამაზე. მეორე საკითხი ესაა ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის სისტემა. ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ეს იქნება ახალი ფურცელი ევროპისთვის, რადგან ვერსალში განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო – უსაფრთხოების საკითხი ევროპისთვის.

ჩვენს დღის წესრიგში ეს ორი საკითხი იყო მნიშვნელოვანი. მეორე კი ჩვენი ეკონომიკის კონსოლიდაცია, რაც ჩვენს ეკონომიკურ პროგრესს ემსახურება. აქ ტექნოლოგიური პროგრესიც იგულისხმება. პროგრესი, მშვიდობა და უსაფრთხოება არის მთავარი ამოცანა და ჩვენ ჩვენით, დამოუკიდებლად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა. ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ და ადგილიც სიმბოლური, რადგან ევროპის ისტორიულ გულში, – ვერსალში ვიმყოფებით ახლა და აქ ევროპის ახალ ამბიციებს, ახალ გეგმებს განვიხილავთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.