გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო

რეზოლუცია

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, უკრაინაში რუსეთის ომის 3 წლისთავთან დაკავშირებით, ორი რეზოლუცია მიიღო.

თავდაპირველად, ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან.

რეზოლუციის ამ პროექტს 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 იყო წინააღმდეგი და 65-მა თავი შეიკავა.

უკრაინის ამ რეზოლუციის თანასპონსორი იყო ევროკავშირი. მას მხარი არ დაუჭირა აშშ-მა, ასევე პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, ისრაელმა, უნგრეთმა და ბელარუსმა. კენჭისყრაში საქართველო არ მონაწილეობდა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ასევე კენჭი უყარა რეზოლუციას სახელწოდებით "გზა მშვიდობისკენ", რომელიც ამერიკის ავტორობით იყო წარდგენილი. დოკუმენტს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 8 ქვეყანა და თავი შეიკავა 73-მა სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს შორის იყო რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სუდანი და სხვები. თავად უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ასევე, თავი შეიკავა საქართველომ.