ევროსაბჭომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ სამიტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა - რა წერია განცხადებაში

ევორპული საბჭო

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ გამართულ სამიტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და მასობრივად იწვევს სიკვდილს, დაშავებას მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

„რუსეთი ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებზე და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მიუღებელია მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობისთვის ხელის შეშლა. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ყველა საომარ ზონაში მოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. ევროპული საბჭო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია დასკვნაში.

გამოქვეყნებულ დასკვნაში, ევროპულმა საბჭომ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნისთვის თანხმობა გამოთქვა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, ჩაერთონ ფონდის განვითარების საკითხში.