ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი საგანგებო მაკრონოფინანსური დახმარების პაკეტი 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით. აღნიშნული პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტის გამო საჭიროებების დაფინანსებაში“, -აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შექმნილ რთულ გარემოებებში ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას.

შეგახსენებთ, დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინასთან 120 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და ინტერვენციისთვის ემზადება. მოსკოვი კი აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ოფიციალურ პასუხს ითხოვს.