ეს ყველაფერი ძალას იკრებს და რუსეთისთვის დამანგრეველ ცუნამად იქცევა - რა პროგნოზი აქვს რამაზ გიგაურს

ramaz gigaur

ასტროლოგი რამაზ გიგაური იხსენებს 2021 წლის 28 დეკემბრის პროგნოზს, რომელიც რუსეთის მოსალოდნელ კრიზისსა და საქართველოს შესახებ გააკეთა. აქვე, საქართველოში მოსალოდნელ პოლიტიკურ პროცესებზე მცირე ანალიზს აკეთებს.

„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან - მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია. მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.

2022 წლის 12 თებერვალს, ანუ ომის დაწყებამდე 12 დღით დავდე ზემოთ გამოქვეყნებული პროგნოზის ნაწილი და ასევე დავწერე, რომ:

„რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.

- დროის რა პერიოდში მოხდება ეს?

- 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.

- თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?

- არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები“.

რომ შევაჯამოთ 2022 წლის 12 თებერვლის მოკლედ გადმოცემული პროგნოზი.

მიდის თუ არა ყველაფერი ამისკენ? ცხადია, მიდის!

მიუხედავად იმისა, რა შედეგებს მიაღწევს რუსეთი ამ ომში, ცივილური მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულია საერთო ფრონტით ბრძოლა.

ეს ყველაფერი როგორც 12 თებერვლის პროგნოზში მოკლედ ჩამოვაყალიბე („დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისული სიტუაციების შექმნა), ნელ-ნელა ძალას იკრებს და გარკვეულ პერიოდში რუსეთისთვის დამანგრეველ ცუნამად იქცევა.

რუსეთი ადგას დამარცხების გზას.

ეს შეიძლება მეორენაირად შევატრიალოთ, მიუხედავად 2022 წლის თებერვალ-მარტ-აპრილში დამდგარი შედეგისა, უკრაინა გაიმარჯვებს.

მოცემული წერტილიდან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

II ნაწილი (პროგნოზი)

რუსეთი და პლანეტა ურანის ციკლი

XX საუკუნე

თუ რუსეთის ისტორიას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ პლანეტა ურანის კუროს ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობა რუსეთისთვის ყოველთვის დამანგრეველი იყო. განსაკუთრებით რთული კი ის პერიოდები იყო, როდესაც პლანეტა ურანი „უძრავ“ ვარსკვლავ ალგოლს უერთდებოდა („ალგოლი“ კუროს ზოდიაქოს 27-ე გრადუსში მდებარეობს).

მაგალითად, თუ ურანის კუროში ბოლო ინგრესიას თვალს გადავავლებთ, ეს იყო 1934-42 წლებში, ხოლო ურანი ალგოლს 1941 წელს შეუერთდა.

XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში „წითელი ტერორის“ პერიოდი იყო, ხოლო 1941 წელს საბჭოთა კავშირს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა.

რომ არა მოკავშირეების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, საბჭოთა კავშირი დამარცხდებოდა.

უფრო მეტიც, რომ არა მოკავშირეების დახმარება, 1945 წელს ატომური ბომბი ექნებოდა არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ფაშისტურ გერმანიას (და შეიძლება ეს 1944 წელსვე ყოფილიყო).

XIX საუკუნე

თუ „ურანი - კუროში“ კიდევ ერთი ციკლით უკან თუ დავიხევთ და ამ კუთხით XIX საუკუნეს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ურანი კუროში 1851-1859 წლებში მოძრაობდა.

რა ხდებოდა ამ დროს რუსეთის იმპერიაში?

1853-56 წლებში მიმდინარეობდა ყირიმის ომი: რუსეთის და თურქეთის დაპირისპირება.

ურანი ვარსკვლავ ალგოლს შეუერთდა 1856 წელს.

რა მოხდა ამ წლებში და განსაკუთრებით 1856 წელს?

1856 წელს რუსეთი ამ ომში დამარცხდა. ოსმალეთის იმპერიამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით მიწასთან გაასწორა რუსეთის იმპერიის სანაქებო არმია.

1856 წელს გაფორმდა პარიზის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსეთმა დამარცხება აღიარა. ამ ხელშეკრულების მიხედვით:

* რუსეთმა დაკარგა ტერიტორიები დუნაის შესართავთან.

* რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანების დაცვაზე.

* რუსეთმა დაკარგა გავლენა რუმინეთსა და სერბეთზე.

* პარიზის ხელშეკრულების დადებამ და ომში მარცხმა რუსეთის მოსახლეობის მაღალი ფენები აიძულა მოეთხოვათ ძირეული რეფორმა ხელისუფლებაში და სოციალურ საკითხებში.

სწორედ ყირიმის ომს შეეწირა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I. ოფიციალური ვერსიით, ის გაცივდა და ფილტების ანთებით გარდაიცვალა. არაოფიციალური ვერსიით კი, მან გამოუცნობ ვითარებაში (მგზავრობისას) თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

ვარსკვლავი ალგოლი

საინტერესოა, თუ ვარსკვლავს ალგოლს მოკლედ მაინც განვიხილავთ. ეს არის (ბეტა) ვარსკვლავი პერსევსის თანავარსკვლავედში. მას ძველსპარსულ წყაროებში აჰრიმანი ეწოდება(!!!). ეს ზოროასტრიზმში ბოროტი სულის სახელწოდებაა. ძველბერძნულ წყაროებთან ის მედუზა გორგონას თავთან ასოცირდება. ბერძნული მითის თანახმად, მედუზა გორგონა სწორედ პერსევსმა მოკლა. მისი თავი ქალღმერთ ათენას ფარზე იყო გამოსახული და მნახველს ადგილზე აქვავებდა.

ალგოლი ასტროლოგიაში ძალიან ნეგატიურ ვარსკვლავად ითვლება.

მაგალითად, პირად ჰოროსკოპში ალგოლის მზესთან შეერთება იძლევა ბრძოლისკენ და ძალადობისკენ მიდრეკილებას. მისი მე-8 ასტროლოგიურ სახლთან კავშირი კი ხშირად იძლევა კატასტროფას, ძალადობას, დაჭრას და სიკვდილსაც კი. მთვარესთან შეერთება იძლევა ემოციურ ფრუსტრაციას, მძიმე ემოციურ კრიზისებს და ა. შ.

XXI საუკუნე

ურანი კუროს ზოდიაქოში 2018 წლის 15 მაისს გადავიდა და მას 2026 წლის 26 აპრილს დატოვებს.

ვარსკვლავ ალგოლს ის 2024-2025 წელს შეუერთდება.

სწორედ ამ წლებში კრიზისი რუსეთში პიკს მიაღწევს.

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი მორიგ კრიზისულ პერიოდს გადის და ამ პერიოდში მოსალოდნელია ჰიპერკრიზისები, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვება.

ზემოთ თქმული არ ნიშნავს, რომ 2024 წლამდე რუსეთში მოვლენები მშვიდად განვითარდება.

2022 წელს პლანეტა მარსი ე. წ. „მარყუჟს“ აკეთებს და ამ ციკლს ის რუსეთის ე. წ. სუვერენიტეტის ჰოროსკოპში ნატალურ მზეს სამჯერ შეუერთდება (ორჯერ დირექტიულად და ერთხელ რეტროგრადულად).

ეს პერიოდები იქნება:

27 სექტემბრიდან (2022) - 14 ოქტომბრამდე (2022);

14 ნოემბრიდან (2022) - 2 დეკემბრამდე (2022);

26 იანვრიდან (2023) - 14 მარტამდე (2023).

ასე რომ, პირველ სერიოზულ „დარტყმას“ რუსეთის ხელისუფლება ამ წლის შემოდგომაზევე მიიღებს.

თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ბოლო დღე, როდესაც შეიძლება რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლა მოხდეს, 2026 წლის 26 აპრილია.

თუმცა ეს არის ბოლო დღე და მანამდე რუსეთის ხელისუფლება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით დენთის კასრზე ზის, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს აფეთქდეს.

საქართველო

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში 2022 წელი უკავშირდება ფარულ ბრძოლებს, სადაც ბევრი რამ არ ჩანს. ეს ფარული დაძაბულობის ხარისხი მაღალი იქნება 2022 წლის ნოემბრამდე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2022 წლის აპრილის მეორე ნახევარი, მაისი და ივნისი.

სწორედ ამ 2,5 თვეში გაირკვევა 2022 წლის ტენდენციების განვითარების ძირითადი ვექტორი თუ საით გადაიხრება.

ეს 2,5 თვე იქნება პირველი ციკლი, რომლის მეორე ციკლი დადგება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდება მთელი ნოემბრის ჩათვლით. ამიტომ 2022 წელს ქართული პოლიტიკის არენაზე პირველი ბრძოლა სწორედ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება და პიკი მაისი იქნება.

ასე რომ, საქართველოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები სწორედ 2022 წლის გაზაფხულზე მიიღებენ პირველ ბრძოლას და ამ პერიოდში გამარჯვებული მხარე დაიწყებს გარკვეულ ტენდენციების განვითარებას, რომელსაც წლის ბოლოს მეორე ეტაპად დაასრულებს“, - ვკითხულობთ გიგაურის ვრცელ პროგნოზში.