ემირ კუსტურიცამ 2014 წელს ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი, 2016 წელს ვლადიმირ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, ახლა კი ის რუსეთის არმიის ცენტრალურ თეატრს უხელმძღვანელებს

კუსტრიცა

რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი დირექტორად, სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა დანიშნეს. ამის შესახებ  „ინტერფაქსი“ წერს, რომელსაც ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კუსტურიცას ასეთი წინადადებით მოსკოვში, 21 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მიმართა და ხაზი გაუსვა „კუსტურიცასთან ხანგრძლივ, მეგობრულ ურთიერთობას და მის როლს“ რუსული კულტურის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში. 


გავრცელებული ინფორმაციით, შეთავაზება კუსტურიცამ მიიღო.

„ახალ პოსტზე მის შემოქმედებით გეგმებშია ცნობილი ფილმების სიუჟეტების სპექტაკლებში გადატანა, მაგალითად,  „მიფრინავენ წეროები,“ „ცხოვრება სასწაულს ჰგავს“ და სხვა“, - ციტირებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ემირ კუსტურიცას.

კანის კინოფესტივალის ორი „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი, სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა დიდი ხანია, საჯაროდ გამოხატავს რუსეთის მთავრობის მხარდაჭერას. 2012 წელს ის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, 2014 წელს კი ყირიმის ანექსიას დაუჭირა მხარი. 2016 წელს ვლადიმირ პუტინმა ემირ კუსტურიცა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.