დნიპრო ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მადლობა ყველას ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ შეტევაში - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში სამხედრო მეთაურებთან თათბირი ჩააატარა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ეს პირველი ასეთი გასვლითი შეხვედრაა, რომელიც სტრატეგიულ ქალაქში ჩატარდა.

ზელენსკის განცხადებით, ოპერატიული მიმართულებების მეთაურებმა მას ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დაზვერვის მებრძოლებს ბახმუტში შესრულებული სამუშაოსთვის.

„განვიხილეთ ფრონტისპირა რაიონებში ზოგადი სიტუაცია, ფრონტის მთელ ხაზზე – ხერსონიდან ხარკოვამდე ჩვენი საზღვრების გამაგრება და დაცვა. ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის; სლავიანსკისთვის, კონსტანტინოვკისა და დრუჟკოვკისთვის, ავდეევკისა და ტორეცკისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის – არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს. სწორედ აქ, დნიპროში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან. მე მადლობას გიხდი, დნიპრო, მადლობა ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ შეტევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრიანის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ზაპორჟიეზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო დარყმებზე ისაუბრა. მისი მონაცემებით, დაშავდა 37 ადამიანი, ორი კი დაიღუპა.

„რა თქმა უნდა, ამ დარტყმისთვის რუსეთი პასუხს აგებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლებთ საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან, ვახდენთ მსოფლიოს მობილიზებას რუსეთის აგრესიაზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. ეს ყველაფერი იქნება, იქნება განაჩენი ტერორისტებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან ენერგოუსაფრთხოება და ბირთვული სადგურების უსაფრთხოება განიხილა და აღნიშნა, რომ რუსეთი დღემდე იყენებს ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურს მსოფლიოს რადიაციული შანტაჟისთვის.