1732386875
დიქტატორი, მკვლელი და ახლა უკვე ომის დამნაშავე - ჯო ბაიდენის შეფასება პუტინზე, პრეზიდენტების სიტყვიერი კონფრონტაცია და პოლიტიკური დახასიათება
მკვლელის, დიქტატორის თუ ტირანის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავეც უწოდა. პრეზიდენტს რუსი კოლეგის შეფასება იმ დარბაზში სთხოვეს, სადაც რამდენიმე წუთით ადრე კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის გამოძიებას უკვე შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საერთაშორისო დონეზე არც სასამართლოებს ცნობს და არც საზოგადოებებს - მაინც არ მოსწონს სამხედრო დამნაშავის სტატუსი. "დაუშვებელი და უპატიებელი"- ასეთია კრემლის შეფასება ბაიდენის სიტყვებზე.
თავად პუტინი, დღეს ბაიდენს არ გამოხმაურებია, თუმცა როდესაც ერთი წლის წინ ამერიკელი კოლეგისგან "უსულგულო მკვლელის" დახასიათება მიიღო, თქვა, რომ ამას შეჩვეულია და რომ ხშირად ადამიანები, სხვებში საკუთარ თავს ხედავენ.
ეს ნარატივი დღეს დიმიტრი მედვედევმაც გააგრძელა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი კრემლის ინტერესების დაცვას შეეცადა.
სენატის შემდეგ, პუტინის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადებას, ევროპარლამენტარებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი სთხოვს. "პუტინის ხელში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა" - ეს უკვე ზელენსკის შეფასებაა, რომელიც მსოფლიოს ახსენებს, რომ მათ ქვეყანაში ტერორიზმი 24 თებერვალს დაიწყო და ყოველდღე გრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტი რომ სამხედრო დანაშაულს ჩადის, ეჭვი არ ეპარება მსოფლიო ლიდერებს, მათ შორისაა ბორის ჯონსონიც.
პოლიტიკური შეფასებების გარდა, რუსეთის ქმედებებს მიეცა პირველი სამართლებრივი შეფასებაც, როდესაც გუშინ გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, დაუყოვნებლივ მოსთხოვა პუტინს და მის ქვეშევრდომებს შეწყვიტონ სამხედრო ოპერაცია უცხო ქვეყანაში, რითიც "მსოფლიო სასამართლომ" პრაქტიკულად გააქარწყლა რუსეთის არგუმენტი, რომ უკრაინაში გენოციდის აღსაკვეთად შედიოდა.
ახლა, ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომელიც იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლების დანაშაულს ისტორია სამართლიან პასუხს გასცემს.