დასახელდა მიზეზი, რატომ უნდათ რუსებს „ჰუმანიტარული დერეფნების“ მოწყობა რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიაში

უკრაინა

რუსულ მხარეს სურს მოაწყოს ე.წ ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთსა და ბელორუსში, რათა უკრაინელები ტყვედ აიყვანონ. ამის შესახებ უკრაინული მედია შს მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით წერს.

„გუშინ რუსებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დღეს გეგმავენ ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფას. მინდა მჯეროდეს, რომ ეს წარმატებას მიაღწევს, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციამ თავის სამხედროებს დაავალა, არ დაუშვან ჰუმანიტარული დერეფნები უკრაინაში“,- განაცხადა დენისენკომ.

მისი თქმით, ასეთი ჰუმანიტარული დერეფნები საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

დენისენკო აღნიშნავს, რომ რუსებს სურთ, უკრაინელებმა ჰუმანიტარული დერეფნები მოითხოვონ.

„რუსები გეგმავენ ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებას რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიაში, გვთავაზობენ - გამოგიყვანთო და თქვენ გახდებით ჩვენი ტყვეები და ტელევიზიაში ისაუბრებთ რაც გიჭირთ უკრაინის მმართველობის პირობებში და რა კარგია აქ, რუსეთის ფედერაციაში“, - აღნიშნა მან.

დენისენკოს თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახლების ყველა ეზოში რუსული ტექნიკაა და ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ეფარებიან.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შესთავაზა ჰუმანიტარული საზღვრების გახსნა რუსეთისა და ბელორუსიის ტერიტორიებზე.