„ჩვენი ამოცანაა, უახლოეს პერიოდში, უმოკლეს ვადებში, საბოლოოდ გავანადგუროთ მოწინააღმდეგე, რომელიც კურსკის ოლქშია გამაგრებული“ - პუტინი

პუტინი

უკრაინის ძალები კურსკის ოლქს ნაწილობრივ ტოვებენ - შეიარაღებული ძალების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ამ გადაწყვეტილებას სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

დასავლური მედია წერს, რომ რუსეთმა გუშინ რეგიონში მდებარე ქალაქ სუჯაზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

კურსკში ჩავიდა პუტინიც. ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია კურსკში 6 აგვისტოს შემდეგ.

პარალელურად, ორი ადამიანი ემსხვერპლა ოკუპანტების თავდასხმას დონეცკის ოლქში. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ხერსონშიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. რუსეთის ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, ჩამოიშალა მრავალსართულიანი კორპუსი, ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დარტყმები იყო დნიპროპეტროვსკის მიმართულებითაც.

"ჩვენი ამოცანაა, უახლოეს პერიოდში, უმოკლეს ვადებში, საბოლოოდ გავანადგუროთ მოწინააღმდეგე, რომელიც კურსკის ოლქშია გამაგრებული. ამ დრომდე აქ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ. გვინდა, კურსკის ოლქის ტერიტორია მთლიანად გავათავისუფლოთ, აღვადგინოთ პოზიციები სახელმწიფოსა და საზღვრის გასწვრივ და, რა თქმა უნდა, საჭიროა ვიფიქროთ მომავალში სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.