ჩვენ ვიცავთ ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას ტირანიის წინააღმდეგ ომში - ზელენსკი

zelenski

ტრადიციულად ომის მორიგი დღე შეაჯამა გვიან ღამით გავრცელებულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენკიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის მორიგ, 40 მილიარდიან დახმარებაზე და ამერიკელ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. ძალზე მნიშვნელოვნად მოიხსენია პრეზიდენტმა ლენდ-ლიზის პროგრამის განახლებაც.

„შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური დემოკრატიის მხარდაჭერის ახალ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც თითქმის 40 მილიარდ დოლარს მოიცავს. ეს თანხები რაც შეიძლება სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.

პირველ რიგში, თანხები მიმართული იქნება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობისკენ, თუმცა არამხოლოდ ამისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტების მიერ ომის დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერაზე. მეორე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ისტორიულიც კი.

შემთხვევითი არ არის, რომ 9 მაისს ხელი მოეწერა უკრაინის დემოკრატიის თავდაცვის ახალ აქტს. მე პირადად მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ამ მხარდაჭერისთვის, ამ გადაწყვეტილებისთვის და ასეთი სიმბოლიზმისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას ტირანიის წინააღმდეგ ომში, რომელიც ევროპას არანაკლებ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ეს იყო 80 წლის წინ. რაც არ უნდა გააკეთონ ოკუპანტებმა, ეს არაფერს ნიშნავს. მათ არანაირი შანსი არ აქვთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ხალხს,“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.