1734777043
ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა უკრაინაში მებრძოლები გააგზავნოს
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის კიმ იონ ხიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა უკრაინაში საკუთარი მებრძოლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.
„რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარის გაგზავნას [უკრაინაში], რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო კავშირის ტოლფასია, ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ჯარისკაცების გაგზავნის ალბათობა მაღალია“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ცნობები ქალაქ დონეცკთან ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაჭრასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით სიმართლეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უკრაინულმა გამოცემამ Kyiv Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ექვსი ჩრდილოეთ კორეელი ოფიცერი და სამი რიგითი უკრაინის სარაკეტო იერიშის დროს დონეცკთან ახლოს დაიჭრა.