„ჩაკეტეთ ის ზონა ისე, რომ ბუზმაც ვერ გადაიფრინოს“ - პუტინმა „აზოვსტალზე" შტურმის შეჩერების ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინთან მორიგი ანგარიშის დროს, მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია შოიგუს განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და რუსულმა არმიამ მარიუპოლი უკრაინელი ნაციონალისტებისგან გაათავისუფლა.

„რუსულმა ჯარმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული მილიციის ქვედანაყოფებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს, 2 ათასზე მეტი ბოევიკი კი "აზოვსტალის" ტერიტორიაზე არიან ჩაკეტილები," - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინთან მორიგი ანგარიშის დროს განაცხადა.

„ქალაქში მშვიდი ვითარებაა, რაც წესრიგის დამყარებისთვის, მოსახლეობის დაბრუნებისა და მშვიდობიანად ცხოვრების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება მათ, ვინც "აზოვსტალის" ქარხანას შეაფარა თავი და ჩაკეტილია ტერიტორიაზე, ჩვენ 3-4 დღე გვესაჭიროება იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს სამუშაოები," - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

ამის საპასუხოდ პუტინმა "აზოვსტალზე" შტურმის შეჩერების ბრძანება გასცა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაჭრილს შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ  ჩვენი სამხედროებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო იქ კატაკომბებში და მიწის ქვეშ ძრომიალი. ჩაკეტეთ ის ზონა ისე, რომ ბუზმაც არ გაიფრინოს. უბრძანეთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუყრია იარაღი, დაყარონ. რუსული მხარე მათ სიცოცხლესა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ღირსეული მოპყრობის გარანტიებს მისცემს," - განაცხადა პუტინმა.