პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კიევში წმინდა გიორგის ტაძარი დაიწვა. ეკლესია პირველ და მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, თუმცა 7 მარტს რუსი ოკუპანტების ბომბებმა ტაძარი სრულად გაანადგურა. ეს 21-ე საუკუნეში რუსეთის აგრესიის შედეგია - წმინდა გიორგის ტაძარი არ არის რუსეთის მიერ განადგურებული ერთადერთი ძეგლი.
უკრაინაში 42 დღის განმავლობაში 53 ისტორიული ნაგებობა დაზიანდა. მათ შორის 29 რელიგიური და 16 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. იუნესკოს მონაცემებით, უკრაინაში ოთხი მუზეუმია დანგრეული.
ერთ-ერთი, ხარკოვის ხელოვნების მუზეუმია. იქ ოკუპანტებმა ცეცხლი 8 მარტს გახსნეს. შენობა ქალაქის დაბომბვის დროს დაზიანდა. იუნესკოს მონაცემებით, ქალაქ ხარკოვში ყველაზე მეტი, 18 კულტურული ფასეულობის ნაგებობაა განადგურებული, მათ შორისაა ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი და ჰოლოკოსტის მემორიალი.
ლვოვს უკრაინის კულტურულ დედაქალაქსაც უწოდებენ. ახლა ქუჩებში ძეგლები და ღირსშესანიშნაობები ქვიშით სავსე ტომრებით არის შეფუთული. მუზეუმებიდან ადგილობრივებს უნიკალური ნივთები, სიწმინდეები გამოაქვთ და უსაფრთხო ადგილას ინახავენ. უკრაინელები საკუთარ კულტურას ოკუპანტის ბომბებისგან ასე იცავენ. საუკუნოვან ისტორიას უფრთხილდებიან ოდესაშიც.
რუსული იარაღის სამიზნე ჩერნიგოვიც გახდა. ღამის დაბომბვების დროს, მაშინ როდესაც ოკუპანტები ადამიანებს ვეღარ ხედავდნენ, ეკლესიებს ესროდნენ. დაზიანებულია ღვთისმშობლის ხატის ეკლესია. დაინგრა გალავანი და ჩაიმსხვრა მინები. 5 მარტს განადგურდა ჟიტომირის ღვთისმშობლის და კიევის ამაღლების ეკლესია.
53 შენობას შორის, მარიუპოლის დრამატული თეატრიც მოხვდა. რუსეთის საჰაერო იერიშს 16 მარტს, თეატრის კედლები ვერ გადაურჩა. იტალიის კულტურის სამინისტრო მზად არის მარიუპოლის მთავარი სიმბოლოს პირვანდელი სახე დაუბრუნოს.
დაზიანებული შენობების აღსადგენად, იუნესკო საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას გეგმავს. უკრაინაში კულტურული ფასეულობების შესანარჩუნებლად, განადგურებული მუზეუმების და კულტურული ძეგლების აღსადგენად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდებიან.