ბირთვული იარაღის საფრთხე - „პუტინი რომ ამბობს, მსგავსი არ გინახავთო, უკვე ნახა მსოფლიომ“ - ამირან სალუქვაძის პროგნოზი

სალუქვაძე

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამან საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა, თუმცა, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ბირთვული იარაღით იმუქრება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს არ გაგვტეხს“.

„თუ პუტინის ბრძანება – მზადყოფნაში მოიყვანოს თავისი ბირთვული იარაღი – იქნება ამ ბირთვული იარაღის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების პირდაპირი მუქარა, მაშინ მე მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი – ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს“.

აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი ბირთვული/ატომური იარაღის გამოყენებას - ვრცელდება მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ მინიშნებაა, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიც არსებობს.

სამხედრო ექსპერტის, ამირან სალუქვაძის განცხადებით, პუტინის შემდგომი ქმედებების პროგნოზი რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ამას უნდა აფასებდეს ფსიქიატრი და არა ექსპერტი.

ამირან სალუქვაძე: პუტინის მუქარა იყო იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც უკრაინას დახმარებას გაუწევდნენ. სია იმ ქვეყნების, რომლებიც ეხმარებიან სამხედრო კუთხით, ჰუმანიტარულზე არ არის საუბარი, შესაბამისად ცნობილია სამიზნე ჯგუფებიც.

მეორე საკითხია, რამდენადაა ამაზე წამსვლელი. მთელი მისი რიტორიკა იყო ის, რომ ჩვენ წამსვლელი ვართ ყველაფერზეო. დაჰპირდა, ისეთ რეაგირებას მიიღებთ, რაც აქამდე არ დაგინახავთო.

ის რომ ამბობს, მსგავსი არ გინახავთო, მსგავსი უკვე ნახა მსოფლიომ: იაპონიაში, ჰიროსიმასა და ნაგასაკში. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოს მსგავსი არ უნახავს, უბრალოდ არაკორექტულია. იმ შედეგებმა, რომელსაც თავად ის სახელმწიფოც არ ელოდა, რომელმაც ეს იარაღი გამოიყენა, გამოიწვია ის, რომ ზოგადად, მასობრივი განადგურების იარაღისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში სხვანაირი გახდა. მას შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ საკმაო არსენალი დაგროვდა იმისათვის, რომ საერთოდ დედამიწა განადგურებულიყო, აქ საუბარი არ არის რომელიმე სახელმწიფოს მიაყენო ზიანი. საუბარია, ცივილიზაციის განადგურებაზე.

დაიწყეს შეთანხმებების გაფორმება შეიარაღების კონტროლის მხრივ. უსაფრთხოების მოდელამდე, არქიტექტურამდე, როგორც უწოდებენ, მივიდა სამყარო. ბოლო წლების განმავლობაში ამ არქიტექტურამ დაიწყო რღვევა. მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ერთადერთი შეთანხმებაა ეს, რომელიც არსებობს ბირთვული იარაღის კონტროლზე, ამან ფაქტობრივად, ბოლო საყრდენი, რასაც მსოფლიო უსაფრთხოება ეყრდნობოდა, ყველაფერი მოიშალა. ჩვეულებრივ იარაღზე კონტროლი, საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმება და ა,შ. იყო უამრავი შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოიშალა.

დღეს ბირთვულ იარაღზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება აღარ მუშაობს. მსოფლიო დღეს შეგვეძლო წარმოგვედგინა როგორც ამოყირავებული კონუსი, წვერით დაბლა, დღეს ეს წვერი მოჭრილია - დიალოგი არ არსებობს, შეთანხმებები არ არსებობს, გაერო სუსტია, როგორც შემაკავებელი ორგანი. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეების განმავლობაში წარმოდგენილები არიან და სხდომას სხდომაზე მართავენ.

გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს, მოაწყობს თუ არა ამ ჯოჯოხეთს - უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებით ერთი ნაბიჯი ამისკენ გადადგა, რომ დაანახოს გამკეთებელია იმ შემთხვევაში, თუ არ დასხდებით და არ დავილაპარაკებთო.

ჩვენ ახლა დილემის წინაშე ვდგავართ, რამე სხვა შემაკავებელი ნაბიჯები რომ გადაიდგას, ავიცილებთ თუ არა თავიდან იმ დიდ უბედურებას, რაც კი შეიძლება მოხდეს. ეს არის დღეს კითხვა, თუ აქვს დღევანდელ სამყაროს აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, იმის უნარი, რომ დიდი უბედურება აიცილონ თავიდან, თუ ყველაფერი გადაჰყვება სიამაყეს და სიჯიუტეს. აქ არ არის საუბარი თავისუფლებაზე, ყველა ვთანხმდებით, რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს აწმყო და პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, რომ ცივილიზაცია და სამყარო გაგრძელდეს. დღეს მივედით იმ დონეზე, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია რაღაც ინტერესები, ძალის დემონსტრირება და ა.შ.

პასუხი კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს პუტინი, ჩემი სპეციალობის ადამიანს არ უნდა ჰკითხოთ. მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც ფსიქიატრი, ვარ სამხედრო, სხვა სპეციალობის ადამიანი.

ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, როგორ მოიქცევიან ის პირები, რომლებმაც უნდა შეასრულონ თუ მივა იქამდე პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთის, რომ ეს იარაღი უნდა გამოიყენონ, აქ არსებობს, ერთი მხრივ ის, რომ ბრძანება უნდა შეასრულო, მეორე მხრივ ის დილემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე - არჩევანი სამყაროს ცივილიზაციის გაგრძელებასა და მის დასრულებას შორის, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება საპასუხო ქმედებები და შესაძლოა, გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნას, გადავდივართ არა უბრალოდ მესამე მსოფლიო ომში, რომლის ნიშნებიც უკვე სახეზეა. სამი სახელმწიფო: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა ამ ომში ღიადაა ჩართული. სხვა სახელმწიფოები, დასავლეთის, ნატოს წევრები და ა.შ ჩართულია რუსეთთან ყველანაირ ომში, ღია სამხედრო დაპირისპირების გარდა:  კიბერ, საინფორმაციო, ეკონომიკური, ყველა სახეობაში. გადაიზრდება თუ არა ეს პირველ ბირთვულ ომში, ამაზე პასუხები არ მაქვს, რადგან ის, რაც არაჯანსაღია, პროგნოზირება არ შეიძლება“, - განაცხადა სალუქვაძემ.