"არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას" - რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას აკრიტიკებენ. უნგრელი პოლიტიკოსი, პეტერ სიიარტო აცხადებს, რომ გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მიუღებელია და ეწინააღმდეგება უკრაინის მიზნებს - გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე, შეუსაბამობაში მოდის ასოცირების შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "სლოვაკეთისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების საბოტაჟში" დაადანაშაულა.

"უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეწყვეტა და სლოვაკეთის ეროვნული ფინანსური ინტერესებისთვის ზარალის მიყენება, მოსკოვში ჩემი ვიზიტის მიზეზი გახდა. სულ მცირე, მე მჭირდებოდა გაზის უზრუნველყოფა სლოვაკეთის შიდა მოხმარებისთვის, რაც ჩვენ გაზის საფასურის გაზრდის გარეშე გავაკეთეთ. ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება უკრაინის გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ, არსებითად აზარალებს სლოვაკეთს და მთელს ევროკავშირს. არსებითად, ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც საშუალება აქვს, ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდოს.

არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი და ევროკავშირი უკრაინას დახმარებას უწევენ", - აცხადებს ფიცო.