დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის მოქალაქე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ომის წინააღმდეგ გამოდის და განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს თავად სისხლისმღვრელ ომში.
„მე არ ვარ მხდალი და მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩემი ხმა. ნებისმიერმა პრეზიდენტმა რომ მიბრძანოს, ავიღო ხელში იარაღი და ვიომო იმიტომ, რომ მას არ შეუძლია პრობლემის მოგვარება მეორე ქვეყნის პრეზიდენტთან, მე კი გამიშვებს ომში, რომ დავხოცო ბავშვები, არასოდეს ცხოვრებაში ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ჩემი ცხოვრებისეული პრინციპები მაქვს, რომელსაც არასოდეს გადავაბიჯებ. მე არ მაქვს უფლება, სხვა ადამიანებს სიცოცხლე მოვუსპო. არ მაქვს უფლება, ვინმეს დედა უბედური გავხადო. არანაირი მიწა არ ღირს ჩვენი მშობლების ცრემლებად. ჩემთვის მხოლოდ ერთი ეროვნება არსებობს. ეს არის ადამიანი. არსებობს ერთი სამშობლო, ეს პლანეტა დედამიწაა.
თუ ამ პლანეტაზე ერთი პრეზიდენტი ვერ რიგდება მეორე პრეზიდენტთან, წავიდეს და თვითონ, პირადად გაარკვიოს ურთიერთობა და არ ჩარიოს თავისი ხალხი. მას ზუსტად აქვს გააზრებული, რომ ამ ხალხს სიკვდილზე უშვებს. ის მზად არის, გაწიროს ჩემი სიცოცხლე და არა თავისი. თავისი უკანალის გადასარჩენად მე გამწირავს. მაიძულებს, რომ მკვლელი გავხდე. მე არ მინდა მკვლელი ვიყო. მე მინდა, რომ ყველა ხელისუფალს ერთი რამ შევახსენო: როცა თქვენ პრეზიდენტად გირჩევდით, მაშინვე უნდა გცოდნოდათ, რომ ჩვენ კი არ ვართ თქვენი მსახური, ეს თქვენ ხართ ხალხის მსახური. ჩვენ არ უნდა გიფრთხილდებოდეთ თქვენ. ჩვენ არ უნდა ვწყვეტდეთ თქვენს პრობლემას ჩვენი სიცოცხლის საფასურად. ეს თქვენ უნდა წყვეტდეთ ერთმანეთში, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დააყენოთ.
თქვენს მოვალეობაში შედის, რომ ადამიანის სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ. მათ იარაღს არ უნდა აძლევდეთ. თქვენ დაგავიწყდათ, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და ევა. მას არ შეუქმნია იარაღი. მე არ ვიომებ იმიტომ, რომ გულში სიძულვილი არ მაქვს. არ ვიომებ იმიტომ, რომ ბოროტების წინააღმდეგი ვარ. არ მინდა გავხდე ამ ბოროტების ნაწილი. არ ვიომებ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთისგან არ განვსხვავდებით. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. არ ვარ ნაცისტი. არ ვიომებ იმიტომ, რომ მე თქვენ პატივს გცემთ. იმიტომ, რომ მზად ვარ თქვენთან ერთად მაგიდასთან დავჯდე და ვისადილო და გაგინაწილოთ ჩემი საკვებიც.
მე არ ვიომებ იმიტომ, რომ პატივს ვცემ სხვების სიცოცხლესაც. ჯარისკაცები ყვირიან, „ღმერთი ჩვენთანაა“, იმიტომ, რომ ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძვითო. ღმერთი თქვენთან უკვე აღარ არის, რადგან ადამიანის მკვლელობა უკვე უსამართლობაა. სისხლის ღვრა უკვე უსამართლობაა. ჯარისკაცებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენ დაპროგრამებულები ხართ. ერთმანეთის მიმართ სიძულვილს განიცდით. ამის საფუძველი არ გაქვთ. თქვენ გმართავენ, თქვენ გაკონტროლებენ. საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი გაქვთ წართმეული. თუ არ გინდათ ომში წასვლა, მარტივად შეგიძლიათ ეს შეაჩეროთ. თუ არ აიღებთ ხელში იარაღს, არ დახოცავთ ხალხს, არ დაანგრევთ ქალაქებს და თუ ამას ყველა ერთად გააკეთებთ, ომი არ იქნება.
პრეზიდენტებს ისღა დარჩებათ, რომ ამას შეეგუვნენ და პრობლემა სხვა გზით მოაგვარონ. ეს გზები არსებობს. არ არის ომი საჭირო, სადაც სისხლი იღვრება. გამოსავალი არსებობს. დაიმახსოვრეთ ჯარისკაცებო. გმირი ის არ არის, ვინც კლავს, გმირი ისაა, ვინც სხვებს გადაარჩენს. ის არის, ვინც სიცოცხლეს გვაჩუქებს, კეთილშობილებას იჩენს. გმირი ისაა, ვინც თავის თავს უფლებას არ მისცემს, სხვისი დედა უბედური გახადოს და აატიროს. არ აიძულებს მას, რომ ტკივილით იცხოვროს, შვილის სიკვდილის გამო,“ - ამბობს რუსეთის მოქალაქე.