8 000 დაკავებული, სამხედროების მიერ ბლოკირებული სახელმწიფო ობიექტები და ჩაკეტილი საზღვრები - როგორია ვითარება ყაზახეთში

kazaxeti

„კურიერი“ ყაზახეთის საზღვარზეა და ამ დრომდე ცდილობს ქვეყანაში შესვლას, რომელიც ერთ კვირაში ნაომარ ტერიტორიას დაემსგავსა. სამხედროებს და პოლიციას ბლოკირებული აქვთ სახელმწიფო დანიშნულების ყველა ობიექტი, მიახლოება არ შეიძლება, საზღვრები კი საერთაშორისო მედიისთვის კვლავ ჩაკეტილია.

დიდ ქალაქებში პერიოდულად ისევ ისმის სროლის ხმა. ყაზახეთში უკვე დაპატიმრებულია 8 000 ადამიანი, საგულისხმოა, რომ დაკავებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 2 000-ით გაიზარდა. მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო გადატრიალება ბრალდება.

დარბეულ და დანგრეულ ალმათში ახლაც დამწვრის სუნია, ადამიანებს კი გარეთ გასვლის ეშინიათ.

10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღეა. მასობრივი არეულობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გასულ დღეებში 164 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ყაზახეთში შესვლას მხოლოდ ადილობრივი მოქალაქეები ახერხებენ.

ყაზახეთი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. ცხრა დღიანი შეტაკებების შემდეგ ქვეყანაში სურსათის დეფიციტია, შეფერხებით მუშაობენ მარკეტები და აგრარული ბაზრები. რთული ვითარებაა საფინანსო სექტორშიც.

ყაზახეთში მიმდინარე პროცესები და რუსეთის ინტერესები რეგიონში შეუმჩნეველი არ არის დანარჩენი მსოფლიოსთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი ამოძრავებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ალმათში ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტის მიწოდება აღდგა, თუმცა, ადგილზე კვლავ რთული ვითარებაა. წინასწარი ინფორმაციით, ყაზახეთში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ჟამბილის ოლქის პოლიციის უფროსმა ჟანატ სულეიმენოვმა. მისი გარდაცვალება კითხვებს ბადებს, რადგან პოლიციის უფროსის წინააღმდეგ, ყაზახეთში მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გარდა ამისა, ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი პოლკოვნიკ აზამატ იბრაევის გარდაცვალებას იუწყება. მისი ცხედარი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა. პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში საკადრო ცვლილებები განახორციელა.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს, ქვეყნის დასავლეთში დაიწყო და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება გახდა. მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტიც.

7 იანვარს, პრეზიდენტმა თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია. პარალელურად, რუსეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით ყაზახეთში სამხედროების გადაყვანას განაგრძობს.