64 000 ამერიკელი ჯარისკაცი მზადაა უკრაინის დასახმარებლად კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე განთავსდეს

რუსეთ-უკრაინა

რუსეთ-უკრაინის საზღვართან კვლავ დაძაბული ვითარებაა. იმ შემთხვევაში თუ კიევის მიმართ რუსეთის აგრესია გაიზრდება და მოსკოვი სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს, ევროპაში დისლოცირებული 64 000 ამერიკელი ჯარისკაცი მზადაა უკრაინის დასახმარებლად კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე განთავსდეს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამხედროების მზადყოფნის განკარგულება უკვე გასცა.

პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, მზადყოფნაში მოყვანილი სამხედროების უმეტესმა ნაწილმა საჭიროების შემთხვევაში უნდა გააძლიეროს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, თუმცა ამას გარდა, კირბის თქმით, ლოიდ ოსტინს სურს, მზად იყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისათვის.

პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახებს, რუსეთის შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.

ამასთან, ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„აშშ-მა გადადგა ნაბიჯები, რათა გაზარდოს თავისი ძალების მზადყოფნა როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ, რათა ისინი მზად იყვნენ, უპასუხონ გაუთვალისწინებელი გარემოებების რიგს," – განაცხადა კირბიმ.

პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების 40 000-მდე სამხედროს აერთიანებს.

რაც შეეხება, ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებას ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო, NATO-მ წევრ სახელმწიფოებს რეგიონში ძალების გაძლიერებისა და ევროპის აღმოსავლეთ  ნაწილში დამატებითი ხომალდებისა და მოიერიშე თვითმფრინავების განთავსებისაკენ მოუწოდა.

ალიანსის წევრმა ქვეყნებმა რეგიონში ძალების გადატყორცნა უკვე დაიწყეს:

დანია ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს გზავნის, და მზადაა ლიტვაში 4 F-16 გამანადგურებელი განათავსოს. იმავეს გეგმავს ესპანეთიც.

საფრანგეთი რუმინეთში ჯარისკაცებს გაგზავნის, ნიდერლანდები კი ბულგარეთში აპრილში მეხუთე თაობის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს. 

უკრაინის თავდაცვის უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან 127 000 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

წყარო