ვზრდი სამხრეთ კორეაზე დაწესებულ ტარიფებს ავტომობილებზე, ხე-ტყეზე , ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ყველა სხვა ორმხრივ ტარიფზე 15%-დან 25%-მდე - ტრამპი

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან აშშ-ში შესულ ავტომობილებზე, ხე-ტყეზე და ფარმაცევტულ პროდუქტებზე საბაჟო ტარიფებს 15%-დან 25%-მდე ზრდის.

მისი თქმით, შეერთებული შტატებისთვის სავაჭრო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყოველ ამ შეთანხმებაში ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა შეგვემცირებინა ჩვენი ტარიფები შეთანხმებული ტრანზაქციის შესაბამისად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორებიც იმავეს გააკეთებენ. სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო არ ასრულებს შეერთებულ შტატებთან დადებულ შეთანხმებას“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასული წლის ივლისში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მიაღწია სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც შემდგომ ოქტომბერში, მისი სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს, კვლავ დაადასტურეს. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აკრიტიკებს სამხრეთ კორეის პარლამენტს იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ ეს შეთანხმება.

„იმის გამო, რომ კორეის საკანონმდებლო ორგანომ ჩვენი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება არ მიიღო, რაც მათი პრეროგატივაა, ვზრდი სამხრეთ კორეაზე დაწესებულ ტარიფებს ავტომობილებზე, ხე-ტყეზე , ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ყველა სხვა ორმხრივ ტარიფზე 15%-დან 25%-მდე“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.