ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ გასულ ღამეს მხოლოდ ერთი რუსული რაკეტის ჩამოგდება შეძლო, რადგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისთვის საჭირო საბრძოლო მასალა აღარ აქვს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გასულ ღამეს რუსეთმა ათეულობით რაკეტით დაბომბა უკრაინა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს.

როგორც ზელენსკიმ განმარტა, ეს იმის გამო მოხდა, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საჭირო რაკეტები აღარ აქვს.

„ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა, ასევე სხვადასხვა ტიპის 185 დამრტყმელი დრონი. თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებშიც. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, რადგან Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტები აღარ არის. სწორედ ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებების დეფიციტი ახალისებს რუსეთს, განახორციელოს ისეთი თავდასხმები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იწირავს“, - დაწერა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა გახსნან საცავები და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების გადაცემა უზრუნველყონ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა გაიგონ, ეს საშუალებები არ არის საჭირო სადღაც საწყობებში, ჰიპოთეზური სცენარებისთვის. ისინი საჭიროა აქ და ახლა, რათა უკრაინაში რუსეთის ომი შეაკავონ და შეაჩერონ. ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო საშუალებების ყოველი ახალი პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს იცავს. ხოლო ყოველი ღამე, როდესაც ისინი არ გვაქვს, კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს. მადლობელი ვარ ყველას, ვინც ჩვენი თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობს“, - დასძინა მან.