„ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს“ - უკრაინის სამხრეთის სარდლობა

ყირიმი

ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, მოსკოვის პროვოკაცია იყოს. პროვოკაციების მოწყობა ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების და რუსეთისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა, - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

„ასეთი პროვოკაციების შექმნა, რომელსაც ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება მაშინვე ძალიან ხმამაღლა ავრცელებს, ყირიმის ხელისუფლებისა და აგრესორი ქვეყნისთვის პრობლემების გადაჭრის ტიპური გზაა“, - განაცხადა გუმენიუკმა. 

ცნობისთვის, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა „საგანგებო ინციდენტის“ გამო შეჩერებულია. ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი, დედა და მამა, დაიღუპა, მათი ქალიშვილი კი - დაშავდა.