ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

ყაზახეთში პირველი ივლისიდან ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მიულოცა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, ყაზახეთის ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანი გახდება, გაძლიერდება მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებები, თუმცა ქვეყანა მაინც საპრეზიდენტო რესპუბლიკად დარჩება.

ყაზახეთში გაჩნდება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით დანიშნავს. ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში მეორე პირი იქნება.

ყაზახეთში პირველი კონსტიტუცია 1995 წელს მიიღეს. მას შემდეგ ქვეყნის მთავარ კანონში შვიდი შესწორება შევიდა. 2026 წლის 15 მარტს გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობამ ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა.