ვხედავთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის არსში გარკვევა სურს -სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთი ხედავს აშშ-ის სურვილს, გაერკვეს უკრაინის კონფლიქტის არსში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ამჩნევს, რომ აშშ-ს, ევროპისგან განსხვავებით, სურს უკრაინის კონფლიქტის საწყისი მიზეზების გარკვევა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, ვგულისხმობ, დიდ ბრიტანეთსაც, რომელიც სრულიად უგულებელყოფს არსებული სიტუაციის საწყის მიზეზებს, შეერთებულ შტატებს სურს პრობლემის არსში გარკვევა“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სძულს რუსები და მას მოუწევს, შეეგუოს ტერიტორიულ დანაკარგებს.

ამასთან, როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთმა შეერთებულ შტატებს ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სანქციების სიიდან ამოღება შესთავაზა.

„ეს წინადადება ჩვენ გავაკეთეთ ერ-რიადში გამართულ შეხვედრამდე, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ. ამერიკელებმა ეს წინადადება მიიღეს. ჯერჯერობით არანაირი საპასუხო ნაბიჯი არ გვინახავს“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთმა აშშ-ს აღნიშნული წინადადება სტამბოლში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს შეახსენეს.

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ არ მქონია მათთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაძლოა, იქ რაიმე წინსვლა იყო, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.