1769540049
ვიქტორ ორბანი: უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა, არც პრეზიდენტის, არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა და ბუდაპეშტი ახლა მათი თავდასხმის სამიზნეა.
მისივე თქმით, მუქარის მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დაცვას გააგრძელებს.
„უკრაინის ხელმძღვანელობამ ხაზი გადაკვეთა. ჩვენ კონფლიქტს არ ვეძებთ, თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, უნგრეთი სამიზნეშია. მიუხედავად ამისა, არც პრეზიდენტის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც ექსტრემისტული სამხედრო დაჯგუფებების მუქარა არ შეგვიშლის ხელს უნგრელების ინტერესების დაცვაში.
ჩვენ ფულს არ გავუგზავნით უკრაინას. უნგრული ფული უნგრულ ოჯახებთან უკეთესია, ვიდრე უკრაინელი ოლიგარქის აბაზანაში; ჩვენ არ დავუშვებთ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას, ამის გარეშე ვერ მოხდება კომუნალური გადასახადების შემცირება და უნგრული ოჯახებისთვის ენერგიის ხელმისაწვდომობა; ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინა ორ წელიწადში ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევით ევროკავშირში შევიდეს – ეს ომის იმპორტირებასაც ნიშნავს. ვიდრე უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჰყავს, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები არც კიევში და არც ბრიუსელში არ მიიღება. ეს უკრაინაშიც კარგად ესმით. სწორედ ამიტომ სურთ მათ ბუდაპეშტში ახალი, პროუკრაინული მთავრობა და მუქარა არასდროს წყდება. უნგრეთის მომავალს უნგრელები გადაწყვეტენ“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთი უკრაინას საარჩევნო პროცესებში ჩარევაში სდებს ბრალს. 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ჩვენ არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში რაიმე ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს შედეგებზე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.











