„ვინც ჩემს პარტიას ხმას მისცემს, სამოთხეში მოხვდება“ - ზიმბაბვეს პრეზიდენტი

ზიმბაბვეს პრეზიდენტი

ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემს ხმას, სამოთხეში მოხვდება. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წელს მოწყობილი გადატრიალების შემდეგ გახდა.

თავის გამოსვლაში მნანგაგვამ მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების პერიოდში ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას მოერიდონ. როგორც „ასოშიეთიდ პრესი“  წერს, ზიმბაბვეს პრეზიდენტის ამ გაფრთხილებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი მმართველი პარტიის აქტივისტმა მოკლა.

„ძალადობის ორგანიზატორები დაისჯებიან ყოველგვარი შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე“, – განაცხადა ზიმბაბვეს ლიდერმა.

ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დღეს იმართება. ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესთი ინთერნეშენელი“ ზიმბაბვეს პრეზიდენტს და მის მომხრეებს ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნელსონ ჩამისა „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ზიმბაბვეს მოქალაქეებს ხშირად ემუქრებიან ძალადობით, თუ ისინი უარს ამბობენ მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე.

აშშ-სa და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული. ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდა ავტოკრატი ლიდერი რეობერტ მუგაბე, რომელიც 2017 წელს გადატრიალების შედეგად გადააყენეს. ის 2019 წელს გარდაიცვალა.