ვინ არის კაცი, რომელმაც წყალტუბოს სანატორიუმის ფოტოს NFT ჯიმ ქერის მიყიდა

ჯიმი

რამდენიმე დღის წინ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ამბავი იმის შესახებ, რომ ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT იყიდა.

კაცი, რომელმაც წყალტუბოს სანატორიუმის ფოტოს NFT ჯიმ ქერის მიყიდა რაიან კუპმენსია.

რაიან, მოგვიყევი შენ შესახებ — როგორც ვიცით, ფოტოგრაფია შენი ძირითადი საქმიანობაა და სწორედ მან მიგიყვანა წყალტუბომდეც…

დიახ, ბოლო 15 წელია, ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმოგზაურობ და სხვადასხვა ტიპის ფოტოს ვიღებ, ძირითადად კი დოკუმენტურს და კომერციულს. წყალტუბოშიც რამდენჯერმე ვიყავი. ყოველ ჯერზე თბილისიდან მივდიოდი ამ ქალაქისკენ, რომელზეც ბევრი რამ მსმენია… მის შესანიშნავ, შთამბეჭდავ არქიტექტურაზე ბევრი რამ მსმენია, თავად კი პირველად 6 წლის წინ გადავუღე მათ ფოტოები.

საინტერესოა, როგორ იქცა უბრალო ფოტო NFT ნამუშევრად, როგორც ახალი ციფრული ტენდენციების ნაწილი?

ორი წლის წინ მე და ჩემმა პარტნიორმა, ალისმა, გადავწყვიტეთ, ფოტოები ერთგვარ ცოცხალ ნამუშევრებად გვექცია… კერძოდ, მიტოვებულ შენობებში სიცოცხლის სხვადასხვა ელემენტს ვამატებთ და სივრცეს ისე ვავსებთ, რომ მიტოვებულობის ნაცვლად, სიცოცხლეს დავუბრუნოთ. გარდა დეტალების დამატებისა, ისეთ მანიპულაციებს მივმართავთ, როგორიცაა განათებისა და სტრუქტურის ცვლილება, ასევე ხმების დამატება და ანიმირება. წლინახევრის წინ კი მათი გამოქვეყნება დავიწყეთ შესაბამის პლატფორმაზე Superrare.

ახლა კი ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი სიახლე შენს კარიერაში, როგორ იყიდა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT?

ჯიმ ქერი თავადაც შესანიშნავი ხელოვანია, როგორც მხატვარი, ილუსტრატორი  და სხვადასხვა NFT ნამუშევარსაც ყიდულობს. როგორც ვიცი, მან ჩემი ნამუშევარი Superrare-ზე ნახა და კავშირი იგრძნო წყალტუბოს ყოფილი, მიტოვებული სანატორიუმის გარემოსა და ბუნების სინთეზთან. მისი დამამშვიდებელი, მედიტაციური ეფექტი, რომელიც ამ ლამაზ სივრცეში არსებობს, შეუმჩნეველი არ დარჩენია ჯიმს. ვიცი, რომ მან მან ეს ყველაფერი იგრძნო და ამიტომაც გადაწყვიტა თავისი კოლექციის ნაწილად ექცია.

როგორი შეგრძნებაა, როცა ასეთი ცნობილი ადამიანი ყიდულობს შენს ნამუშევარს?

ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა გავიგე რომ ჯიმ ქერიმ, ასეთმა ცნობილმა პიროვნებამ და ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერს შემოქმედებითობას, პოზიტიურობას და გონებამახვილობას, ჩემი და ალისის ნამუშევარი იყიდა. უბრალოდ, ეს ძალიან სასიამოვნო და პოზიტიური გამოცდილება იყო ჩემთვის. გულწრფელად ბედნიერი ვარ და გახარებული ვარ როგორც ჩემი და ალისის, ისე საქართველოს და წყალტუბოს გამო.

როგორც ვხედავთ, წყალტუბოს მიტოვებულმა სანატორიუმმა დიდი ყურადღება მიიქცია, როგორც რაიანის, ისე ჯიმ ქერის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სანატორიუმები 1940-1980-იან წლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ათასობით ვიზიტორს მასპინძლობდა. ისინი გამოირჩეოდა არა მხოლოდ იქ არსებული მომსახურებით, არამედ საოცარი ექსტერიერითა და ინტერიერით, დიზაინის თვალსაზრისით. ამიტომაცაა, რომ დღესაც კი, მიტოვებულ და დანგრეულ მდგომარეობაშიც იპყრობს ადამიანების ყურადღებას, თავისი უჩვეულო სილამაზით.

წყარო: „მარკეტერი